უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი “რესპუბლიკელ” ლევან ბერძენიშვილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბერძენიშვილი დღეს იმ გუნდს აკრიტიკებს, რომელთან ერთადაც წლები მუშაობდა. დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის გაკრიტიკება პირად შეურაცხყოფად შეაფასა.
“მისი გუშინდელი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით იყო პირადი შეურაცხყოფა. ამ ადამიანებს, რომლებიც დამარცხდნენ, ახასიათებთ პირადი შეურაცხყოფები, მაშინ როცა ოპონირებისთვის სხვა არგუმენტი არ რჩებათ. ეს მათ უფრო აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯანსაღი ოპონირების მომხრე ვართ, არ ვფიქრობთ, რომ ასეთი განცხადებები მიზანშეწონილია. უცნაურია, როდესაც ამ პოზიციაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში სხვა პოზიციებით გამოირჩეოდნენ. მათი საქციელი ორმაგი სტანდარტია. ერთი – როდესაც ხარ ხელისუფლებაში და ყველაფერი მოგწონს და მეორე – როდესაც დაკარგავ ამ ყველაფერს და იმ სიტუაციას აკრიტიკებ, რა სიტუაციაშიც წლების განმავლობაში მუშაობდი. ეს ადამიანები ბოღმას ვერ ერევიან და სხვანაირად არც შეუძლიათ პოლიტიკის კეთება. ასეთი პოლიტიკოსები ვერასოდეს იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას. პოლიტიკოსი პირადი შეურაცხყოფებისთვის არ უნდა იყოს მოწოდებული. ამ ადამიანებს, იმ გუნდის დამსახურებით ჰქონდათ ყველაფერი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ახლა კი ისინი ცდილობენ სიძულვილის ენით გამოჩნდნენ მედიაში, რაც დამაზიანებელია მათთვისვე”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაც შეაფასა და მას “არაფრისმთქმელი” უწოდა.
“რაც შეეხება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, არ ვფიქრობ, რომ ის სწორი პოზიციით გამოირჩეოდა. მისი გამოსვლა იყო სუსტი, არაფრისმთქმელი. მან რაღაც პერიოდში უმრავლესობის წარმომადგენლების არგუმენტებს ვერ გაუძლო”, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
​რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში” პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და მას “გაუნათლებელი” უწოდა.
​”პარლამენტის თავმჯდომარეს, არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტი მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. რომ ესწავლა ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი მაინც, ეცოდინებოდა, რომ სტუმარი რომ მოდის, პრეზიდენტი, კაცი კი არა, უბრალოდ სტუმარი, იმას უნდა შეხვდე. ჩვენი განათლება ამას გვასწავლის, ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები