ირაკლი კოვზანაძე გერმანიის ფედერაციის აუდიტის სამსახურის პრეზიდენტს შეხვდა

​პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. ქართული დელეგაციის წევრები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, ფედერაციის აუდიტის სამსახურის პრეზიდენტს, კაი შელერს შეხვდნენ.
​პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა ბუნდესტაგის აუდიტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ბეტინა ჰაგედორნისთან. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ქვეკომიტეტის სხდომას დაესწრნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ბუნდესტაგში აუდიტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ბეტინა ჰაგედორნსთან. ჩვენ ვისაუბრეთ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს და პარლამენტის თანამშრომლობის საკითხებზე. გერმანელმა კოლეგამ გაგვიზიარა გამოცდილება გერმანიის აუდიტის სამსახურსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის მეთოდებზე და ფორმებზე, საბიუჯეტო კონტროლის მექანიზმებზე, ბუნდესტაგისა და ფედერაციის აუდიტის სამსახურის როლზე ეროვნულ ანტიკორუფციულ სისტემაში, სხვა აქტუალური საკითხებზე,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც საფინანსო–ასბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, ქართველი პარლამენტარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ბუნდესტაგში აუდიტის ქვეკომიტეტის სხდომაზე დასწრება და ამ კუთხით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
„მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეკომენდაციითა და მხარდაჭერით, ჩვენს კომიტეტთან შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფი. მის ფუნქციებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლა, ანალიზი, მათზე შემდგომი რეაგირება და კონტროლი. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი საბიუჯეტო ინსტიტუტების კუთხით, რათა უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობას ჰქონდეს ადგილი საჯარო ფინანსების სფეროში და ამაღლდეს ეფექტიანობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
​ირაკლი კოვზანაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის აუდიტორული ორგანო სისტემატურად თანამშრომლობს და დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. კოვზანაძემ გერმანიის აუდიტის სამსახურის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ისინი მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ირაკლი კოვზანაძემ კაი შელერი საქართველოში მოიწვია.
​გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ფედერაციის ფინანსთა სამინისტროში, ბუნდესტაგის გერმანიისა და სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფში და საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა გერმანიაში” ხელმძღვანელობასთან. ირაკლი კოვზანაძე, ასევე, შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, ინგრიდ არნდტ-ბრაუერს.
​საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გერმანიაში ვიზიტს მნიშვნელოვნად და ნაყოფიერად აფასებს. მისი თქმით, მთელი რიგი მიმართულებებით, გერმანული საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი და სასარგებლო იქნება.
​ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში” ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები