გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა ლატვიურ-ქართული პროექტი “მუსიკის კუნძული” გახსნეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს ეწვივნენ.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები კახეთის რეგიონში პირველი ლატვიურ-ქართული პროექტის „მუსიკის კუნძული“ გახსნის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც ილიას ტბაზე განხორციელდება.
ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დ ა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ჩემი სამშობლოს ერთ-ერთი ძალიან ლამაზი კუთხე. აქ დაწყებული ერთობლივი, ქართულ-ლატვიური პროექტი არის ბუნებრივი გაგრძელება იმ მეგობრობის და იმ ერთიანი სულისკვეთების, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ.
ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მუშაობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ბიზნესს შევუქმნათ შესაძლებლობები, განახორციელონ ერთობლივი პროექტები და შექმნან თანამშრომლობის კუნძულები.
ბატონო პრეზიდენტო, ლატვიამ არა ერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს. ეს გამოიხატა ბევრი თვალსაზრისით, თუნდაც იმ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მონაწილეც ჩვენ ვართ. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან უქმნის შესაძლებლობას არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს და ბიზნესს, რომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები.
ბატონო პრეზიდენტო ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ამ ფარგლებში ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, პირადად თქვენგან და ასევე ლატვიელი ხალხისგან, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ გადაითარგმნება მეტ თანამშრომლობაში კულტურებს, ბიზნესსა და ხალხს შორის.
როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობას აზიასა და ევროპას შორის, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, ჩვენ სტრატეგიულად დაინტერესებულები ვართ შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თანამშრომლობის პროექტებით.
მინდა მივესალმო ამ ახალ ინიციატივას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბიზნესსა და ხელოვნებას, რომელსაც მხარს ვუჭერთ პოლიტიკოსები, გისურვოთ წარმატება,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებით, ჩვენ კარს ვუღებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო მეგობრობას.
„მინდა ხაზი გავუსვა ქართული და ლატვიური ბიზნესების ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, აგრეთვე ინვესტიციების ზრდას, რომელიც ეხმარება ეკონომიკის განვითარებას.
ეს შესანიშნავი პროექტი არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა კარგად ვითარდება მეგობრობა ჩვენს ერებს შორის,“-აღნიშნა რაიმონდს ვეიონისმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს პროექტის გახსნის აღსანიშნავად სიმბოლური გასაღებები გადაეცათ.
პროექტს „მუსიკის კუნძული“ კომპანია „Ferrus Development“ ახორციელებს და ის ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცისა და ეკოკოტეჯების აშენებას, რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
პროექტის მეორე ეტაპი ეკოკოტეჯების წარმოების საქართველოში გადმოტანასა და მის შემდგომ განვითარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები