ჯაბა სამუშია ქონებრივი დეკლარაციის არასათანადოდ შევსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია მისი ქონებრივი დეკლარაციის არასათანადოდ შევსების შესახებ ორგანიზაციის „მედიატორი“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
“ეს არის ოპონენტების მხრიდან იაფფასიანი მეთოდებით ჩემი დისკრედიტაციის ნათელი მაგალითი. საქმე გვაქვს სრულ უწიგნურობასთან. ჩემს დეკლარაციაში აღნიშნული ბინა მითითებულია, მხოლოდ ორიოდე გვერდის გადაშლა იყო საჭირო”, – განაცხადა სამუშიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა დეკლარაციაში მისი საცხოვრებელი ბინა არ არის მითითებული, აბსურდია.
„იმ სვეტში, სადაც ვალდებულებითი პირობებია მითითებული, ჩვენ ოთხი ვალდებულება გვაქვს ჩაწერილი. ესენია: კრედიტით ნაყიდი ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე, რომლის არ მითითებაზეც საუბრობენ და ასევე სამი ვალდებულება ბაზის ბანკთან – 69 ათასი აშშ (კრედიტი დოლარში, რომლის აღება მომიწია ბინის შესაძენად). ეს ბინა შევსებულ დეკლარაციაში გრაფაში ვერ მოხვდებოდა იმ ერთი მარტივი მიზეზით, რომ დეკლარაცია შეივსო 2016 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო სამშენებლო კომპანიამ ბინის ჩემ საკუთრებაში გადაფორმება და ბაზისბანკში იპოთეკით დატვირთვა მოახერხა 2017 წლის 23 იანვარს. აქაც ნათელია დასკვნის ავტორთა უწიგნურობა.
კითხვა არ გაჩნდებოდა, თუკი მოხდებოდა თარიღების შედარება. აქვე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა ორი წლის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, ვითომდა, ჩემს მიერ სამი ბინის შეძენის თაობაზე. ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად ვიყიდე ბინა, ისიც კრედიტით. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ვინც იპოვნის ვჩუქნი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, მთელ ამ ისტორიაში მთავარი აქცენტი მის დისკრედიტაციაზე იყო გადატანილი, მაგრამ დიდი ძებნის შემდეგ, მხოლოდ ჯაბა სამუშიას ვალები აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები