პოროშენკომ რუსეთი ტერორიზმში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთის სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვი რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოკლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს განცხადება პოროშენკომ უკრაინის სპეცსამსახურებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
“ეს არის რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ტერორიზმის აქტი. ვორონენკოვმა რუსეთის ფედერაცია პოლიტიკური მიზეზებით დატოვა. ეს არის აშკარად რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი მკვლელობა, რაც მათ სხვა ადგილებშიც არაერთხელ ჩაუდენიათ“, – განაცხადა პოროშენკომ.
მან ასევე დაამატა ხომ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი დივერსია და ექს-დეპუტატის მკვლელობა ერთმანეთს შემთხვევით არ დაემთხვა.
დენის ვორონენკოვი კიევში დღეს მოკლეს. მკვლელმა მას რამდენჯერმე პისტოლეტიდან ესროლა. დაცვის თანამშრომელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი დაჭრა, თუმცა თვითონაც ჭრილობა მიიღო.
ამჟამად მკვლელიც და დაცვის თანამშრომელიც საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები