„პარლამენტისთვის ისეთი მითითების მიცემა, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, არის პირდაპირი შეჭრა საპარლამენტო საქმიანობაში“

“მითითების მიცემა პარლამენტისთვის, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, მე ვფიქრობ,  ეს არის პირდაპირ შეჭრა საპარლამენტო საქმიანობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრემიერს უნდა დაექვემდებაროს, უსაფრთხოების სამსახურს თუ სხვა ძალოვან სტრუქტურას, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს პარლამენტი.
“ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სამართლებრივი სახელი. მე ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდება კონსტიტუციური პრინციპების, თუკი ძალიან მკვეთრად არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი მითითების მიცემა პარლამენტისთვის, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, ეს არის, მე ვფიქრობ, პირდაპირ შეჭრა საპარლამენტო საქმიანობაში და მის ფუნქციაში. ჩვენ, კანონმდებლები, ასეთ დავალებებს არ უნდა ვიღებდეთ არავისგან, მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და იღებს კანონს, ის იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთნ შესაბამისობის საკითხებს, ხოლო პრეზიდენტი, რომელსაც აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების უფლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაგვიწეროს ჩვენ მოდელი. მაშინ სრული აღრევა მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის საკანონმდებლო ფუნქციაში. მე მგონია, ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები, რომელიც პარლამენტს ეგზავნება, უნდა ეხებოდეს კონსტიტუციურ პრინციპებს, კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას და არა იმას, კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ქვეშ იქნება. პრემიერს უნდა დაექვემდებაროს, უსაფრთხოების სამსახურს თუ სხვა ძალოვან სტრუქტურას, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება არის პრინციპულად არასწორი გაგება, ამიტომ საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს გააზრებული სიღრმისეულად, შესაბამისად, ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა ბესელიამ.
​პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები