საკანონმდებლო ორგანოში რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაციების შეხვედრები გრძელდება

საკანონმდებლო ორგანოში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრები გრძელდება.
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებისა და სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრის მთავარი თემა ამჯერად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვა გახლდათ.
“შეხვედრაზე ცხადად დავაფიქსირეთ, რა არის ჩვენი საერთო მიზანი. ჩვენ მივდივართ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნისკენ, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის შორეული მიზანი და მანამდე ბევრი რეფორმა და პროცესია გასატარებელი. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ამ რვავე ქვეყნის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
მხარეებმა, ბრიუსელში, ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი, ძალიან ამბიციური, ძლიერი პოზიცია, რომლის გამყარებაში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები ძალიან დაეხმარებიან საქართველოს. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რაში შეუძლიათ დაგვეხმარონ. საერთო სტრატეგიასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ კონკრეტული წინადადებები შევთავაზეთ“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო.
“სხვადასხვა ფორმატში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა. სტუმრებს, გავაცანით როგორც უკვე განხორციელებული ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, განათლებისა და ეკონომიკური მიმართულებებით. სტუმრებმა ცალსახად დააფიქსირეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკის, ევროატლანტიკური კურსის და ცხადია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებიდან თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი წერეთელი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი – ნიკოლოზ ნათენაძე მონაწილეობდნენ.
დღეს დილიდან ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა.
მორიგ შეხვედრას კი მათთან საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები გამართავენ.
სკანდინავიურ – ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები დღესვე, შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები