შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დააკავა

შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მიმდინარე წლის 16 მარტს, აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები – პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს – ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ – სითხის შიგთავსით.
აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები