საქართველოს მთავრობა დღეს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგიას წარადგენს

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების სტრატეგიას წარადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს.
„ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.
სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
2013-2019 წლებისთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები