ეკა ბესელია ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟენევაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, დეპუტატი 15 მარტს გაემგზავრება და კონფერენციაზე  სიტყვით გამოვა. კონფერენცია თემაზე -„საპარლამენტო ჩართულობის გაზრდა ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სფეროში” გაიმართება, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის, საპარლამენტთაშორისო გაერთიანების, თანამეგობრობის სამდივნოსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პარტნიორობით არის ორგანიზებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ისაუბრებს ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნისა და დახვეწის მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეკა ბესელია ღონისძიების მონაწილეებს გააცნობს იმ სიახლეებს, რაც მიღებული იქნა 2016 წელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, კერძოდ, გაეროს სახელშეკრულებო კომიტეტთან წარსადგენი ანგარიშების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, ახალ სტანდარტებს და ასევე, ისაუბრებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე კონტროლის დაწესების შესახებ.
ჟენევის კონფერენციის მიზანია, წარმოაჩინოს განვითარება, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიული ჩართულობის გაზრდასთან ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სფეროში. ასევე, ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიას იმ წინადადებების თაობაზე, რომლებიც 2016 წლის 22 ივნისს ადამიანის უფლებათა საბჭოში იქნა დასმული.
საპარლამენტო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობისთვის პრაქტიკული და ეფექტური გზების პოვნის მიზნით, კონფერენციაზე, ექსპერტების მონაწილეობით, დისკუსია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები