პეტრ პაველი: ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს,“ – ამის შესახებ ნატოს უმაღლესმა სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელმა პეტრ პაველიმ განაცხადა.
გენერალმა პეტრ პაველიმ საქართველო ალიანსისთვის ღირებულ და სანდო პარტნიორად დაასახელა.
„ნატოსთვის ღირებულია პარტნიორობა ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და თანამშრომლობას ამჯობინებენ კონფრონტაციას.
საქართველო კი, სწორედ ასეთი ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენს შორის პარტნიორობა საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო განმტკიცდა. ალიანსმა და საქართველომ ორივემ გაიღეს მსხვერპლი ამ ოპერაციებში. საქართველომ ნატოს მხარდამხარ ბრძოლისას ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოპერაციებში ერთობლივმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც პარტნიორის საიმედოობა,-განაცხადა პეტრ პაველიმ.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით გამოყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის 15 პროექტზეც, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე, საზღვაო უსაფრთხოებაზე, სპეციალური ოპერაციები ძალებსა და სანაპირო დაცვაზე, ალიანსის 26 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 42 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობს.
„აღნიშნული პაკეტის მთავარ კომპონენტს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. ის ასევე, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს გახდეს უფრო ეფექტიანი და აახლოვებს საქართველოს ნატოს წევრობასთან, რაც სამომავლოდ თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“, – აღნიშნა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარემ.
გენერალმა პეტრ პაველიმ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
„ჩვენ ვაფასებთ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც ნამდვილად არ არის ადვილად განსახორციელებელი, თუ გავითვალისწინებთ რესურსებს, საფრთხეებს და მოსახლეობისთვის სწორი გზავნილების მიწოდებას. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ვართ. ნატო მოწადინებულია გააგრძელოს ამ ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერა და გააგრძელოს თქვენი ქვეყნის მომზადება ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვის,-აღნიშნა პეტრ პაველიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები