ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.
ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლების დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე.
ალიანსის სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. თვადაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვიზიტი ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მხარეებმა სამხედრო საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროგრესზე იმსჯელონ და ადგილზე, უშუალოდ გაეცნონ ნატო-საქართველოს შორის არსებულ უმაღლესი დონის ურთიერთობებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაემგზავრებიან, სადაც დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელისა და კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გენერალი პეტრ პაველი და ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
დღის ბოლოს, სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრებიან და ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრებიან.
ვიზიტის მეორე დღეს სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნება. სესიაზე რეგიონულ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიური ჩართულობის, ოკუპირებული ტერიტორიების, თავდაცვის რეფორმები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაციისა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის დელეგაციის წევრები გმირთა მოედანზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვნით შეამკობენ.
დაგეგმილია ნატოს პირველი სამხედრო პირის, გენერალ პეტრ პაველის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, კომიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულონ.
სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს – ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე, გასულ წელს საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და ნატო-საქართველოს რიგით მეორე წარმატებული სწავლება ოქტომბერში. ახლახანს კი, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრებმა რეგიონალური უსაფრთხოების სიტუაციასა და შავი ზღვის აუზში გაზრდილი ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, 2017 წლის მაისში საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები