საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა მინსკში პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბელორუსიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების” განხორციელებით, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის პროცესი. ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიის თავიდან აცილების მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი კვლავ მიუწვდომელი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ადგილზე, რომელსაც, მიუხედავად მისი მანდატისა, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტსაც.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მზარდი დინამიკა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული მნიშვნელობა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ბელორუს კოლეგებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ეკონომიკური რეფორმების, ასევე, ელექტრონული მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით.
აღინიშნა, რომ ბელორუსია დაინტერესებულია საქართველოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის.
სახელმწიფო ლიდერებმა განათლებისა და ინოვაციების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც შეხვედრისას განაცხადეს, საქართველოში ბელორუსიის საელჩოს გახსნა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება 2015 წლის აპრილში საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტების შეხვედრისას იყო მიღებული, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები