დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს – “უმრავლესობა ოპოზიციას ღირსეულ და საკადრის პასუხს გასცემს”

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე სასაუბროდ საკრებულოში მისვლას არ აპირებს.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოში არც მერიის სხვა წარმომადგენლებს გაგზავნის.
”ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან რაიმე სახის შეხება არ აქვს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით გავაკეთეთ. არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომას”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე შეფასებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი და საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას ღირსეულ და საკადრის პასუხს გასცემს.
”საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, როგორც დედაქალაქის მერს, საკრებულოში ანგარიშის წარდგენის პრობლემა არასდროს არ მაქვს, მათ შორის, გასულ წელს ორჯერ რიგგარეშეც ვიმყოფებოდი საკრებულოში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუს მოწყობა, მე ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად ახდენენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საკრებულოს ოპოზიცია დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები