პრორუსი სეპარატისტები ოფიციალურ კიევს ემუქრებიან

აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი პრორუსი სეპარატისტები ოფიციალურ კიევს ემუქრებიან და აცხადებენ, რომ „დონბასის გათავისუფლებას აპირებენ“.  როგორც ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, თუ დიპლომატიური გზით ეს საკითხი არ გადაწყდა , ამის გაკეთება სამხედრო ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს.
„ჩვენი ამოცანაა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.  ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უმჯობესია ამის გაკეთება პოლიტიკური გზით, ხოლო თუ ამ გზით ვერ მოხერხდა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს სამხედრო გზითაც გავაკეთოთ“ განაცხადა ზახარჩენკომ.
მან ასევე დაამატა, რომ დაპირისპირების ხაზიდან შეიარაღების გაყვანას არ აპირებს, თუ იგივეს უკრაინული მხარე არ გააკეთებს.
ზახარჩენკოს ამ განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს „მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება” და „აშკარად ემოციებს აქვს ადგილი“.
პესკოვმა ასევე დაამატა, რომ მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისთვის ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ დონბასი უკრაინის შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით უნდა დაბრუნდეს და უკრაინა მინსკის შეთანხმებებს პატივს სცემს. ამასთანავე პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევი უკრაინის მიწის გადაცემას არავისთვის არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები