სტოლტენბერგი: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ინტენსიური ურთიერთობების გამო, შეშფოთებას გამოვხატავთ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება.
აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს სხდომის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.
„გავმართეთ საინტერესო შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფორმატში. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება საქართველოში და ვიმსჯელეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ნატოს გაძლიერებაზე რეგიონში. აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღოს და საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს.
„ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ინტენსიური ურთიერთობების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას და უზრუნველვყოფთ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში იმყოფება, სადაც ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები