გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი არსებობს, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისია, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის შს სამინისტრო უახლოეს მომავალში, საქართველოში პოლიციის ახალ ატაშეს დანიშნავს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.
შს მინისტრმა თურქეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციონალურ დონეზე, რაც პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის მიერ.
შეხვედრაზე შს მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და თურქ ხალხს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები