უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა

კრიზისის მართვაზე ორიენტირებული უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში გაიმართა. „კოლხიდა 2017“-ის ხელმძღვანელებმა სწავლება შეაჯამეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგი მიზნად ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავდა. სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე დაგეგმილი სწავლების მართვის ცენტრები სამ ლოკაციაზე იყო გაშლილი. სწავლების პროცესში კრიზისზე რეაგირების საკითხები მთავრობის წარმომადგენლებმაც განიხილეს.
ქართულ-ამერიკული ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორია იყო გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები დაზიანდა. კრიზისის ლოკალიზების მიზნით, უწყებებს კოორდინირებულად უნდა ემოქმედათ.
საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP) უწყებათშორისი ხუთდღიან სწავლებაში – „კოლხიდა 2017“ სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შეიარაღებული ძალების ეროვნულმა გვარდიამ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ გაუწია ორგანიზება. უშუალო მხარდაჭერა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულმა გვარდიამ, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ და საინჟინრო კორპუსმა უზრუნველყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები