“ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდანაც ძალიან დიდ ძვრებს მოახდენს“
საქართველოს პრემიერი-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდანაც ძალიან დიდ ძვრებს მოახდენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვა, თუ რატომ მიდის ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან. მან როგორც ბრძანა ის არსად არ მიდის და რჩება საქართველოს და ქართველ ხალხთან ერთად. რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება და განვითარება. მე მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ ძვრებს და ბევრ სასიკეთო ცვლიელებას მოახდენს, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარეშე, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს ხალხის განვითარებაც და ეს უნდა იყოს თანმხვედრი პროცესი”,-განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” დააფუძნა.