უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” ინიციატივას მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ინიცირებულ დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, ოპოზიციის მიერ  დადგმულ მორიგ სპექტაკლს უწოდებს.
“ყველაფერს საზღვარი აქვს. ბატონო რომან, როდესაც ამ თემებზე საუბრობთ, წარსულშიც ბევრს საუბრობდით ყველანი ერთად, საუბრობდით, უბრალოდ ქართულად, ქცევები იყო რუსული, თუ ამაზე პასუხი გაინტერესებთ. იმიტომ, რომ ეს შემდეგში გამოიხატებოდა: რას ლაპარაკობს ადამიანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა შედეგი დადგება და თუ ეს პასუხი გაგაღიზიანებთ, მაშინ ძალიან გთხოვთ, იმ პერიოდში რა შედეგები დადგა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგალითად, საგარეო პოზიციებთან მიმართებაში, ეს გაიხსენოთ, შემდეგ გაიხსენოთ, დღეს რა შედეგები დგება ამ მიმართებით. დასკვნას სწორად გამოიტანთ, როგორც თქვენ, ასევე, ქართული საზოგადოება. გარდა ამისა, ძალიან ამორალურია, როცა თითოეული კითხვის მიღმა ეძებ რაიმე რუსულს, მოღალატეობრივს, როდესაც, მართლა უნდა გასცეს ვიღაცამ ასეთ კითხვებზე პასუხი, რომელსაც თქვენ თავს არიდებთ შეგნებულად. ამის პასუხები თქვენი მხრიდან ოდნავ გულწრფელი რომ იყოს, მერე ყველა მიხვდება, რა სპექტაკლთან გვაქვს საქმე. მივარდნები სასამართლოში, ტექნიკურ გაუმართაობაზე განცხადებების კეთება… ის მართლაც ისე მოხდა, გასაგებია, მაგრამ მთავარია, ის ადამიანები, ვინც სასამართლოებში დარბიან, დღესაც ებრძვიან საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას. თქვენ შეგახსენათ ერთმა ჩვენმა მეგობარმა, როდესაც გამობრძანდით, საომარი მდგომარეობაა ზუსტად ის სიტუაცია, როდესაც ერთად იკვრება პოზიციაც და ოპოზიციაც და გახსოვთ ამისი მაგალითები. 2008 წელს, როდესაც ბევრი ჩვენგანი რადიკალურად ოპოზიციურ განწყობაზე იყო, არავის დაუხევია უკან გვერდით დგომაზე. დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა იქ და ამაზე ვერავის შეიყვანთ შეცდომაში. ერთადერთი მიზანი, რის გამოც მხარს არ ვუჭერთ, რეალურად, ამ კომისიის შექმნას, ეს არის ის, რომ არ გვინდა სპექტაკლში მონაწილეობის მიღება და ამ სპექტაკლის გაგრძელების ნაწილი ვიყოთ. ამ ბოლო დროს, მიეჩვიეთ არაფრის კეთებას, არც ერთი კონსტრუქციული წინადადება არ ყოფილა, რომ მოსულიყავით ჩვენთან, არაფერი ქვეყნის სასიკეთოდ არ გაგიკეთებიათ, უბრალოდ, ამბობთ, დგამთ სპექტაკლებს სასამართლოსთან მიმართებაში, გმირებთან მიმართებაში და ცდილობთ, ამ სპექტაკლების მსხვერპლი გახადოთ ადამიანები. თუმცა, საბედნიეროდ, ისინი ხვდებიან რა ხდება სინამდვილეში. აღარ არის ის დრო, როდესაც ადამიანები შეცდომაში შეგყავდათ ამ საინფორმაციო ომით. ძალიან ვთხოვ ყველას, ღალატზე საუბარი თქვენთვის, როგორც ჩანს, ადვილია. ქართველებისთვის, ჩვენთვის ამაზე საუბარი არ არის ადვილი. ცოტა გავუფრთხილდეთ ყველას, ყველაფერს, მორალს მათ შორის. ძალიან ვთხოვ ჩვენს ზოგიერთ კოლეგას, როდესაც საუბარია გმირებზე, ქართველ მებრძოლებზე, ამ ადამიანების წარსულის ეჭვქვეშ დაყენებას მოვერიდოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობის” ინიცირებულ დადგენილებას – “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე”  განიხილავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები