შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.
კახა სამხარაძე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
ალავიძის განცხადებით, კახა სამხარაძე საკმაოდ განათლებული და გამოცდილი კადრია. მისივე თქმით, სამხარაძე მმართველი გუნდის წარმომადგენელია. იგი “ქართული ოცნებიდან“ რეგიონებს, კერძოდ, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს კურირებდა.
რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ კახა სამხარაძე კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
ახალი გუბერნატორის განცხადებით, შიდა ქართლი საკმაოდ რთული რეგიონია, იქედან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, უამრავი დევნილი ცხოვრობს ამ რეგიონში და საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი. რაც შეეხება პრიორიტეტებს, სამხარაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც არსებულ ვითარებას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს უფრო დეტალურად გაეცნობა.
კახა სამხარაძემ აღნიშნულ პოსტზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეცვალა. ოქრომელიძე გუბერნატორის მოვალეობას 8 თვის განმავლობაში ასრულებდა .