“საქართველო ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი”

“საქართველო ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი”, – ამის შესახებ ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო სამაგალითო გახლავთ იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს. მე კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. ეს გახლავთ ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა და განვლილი იქნა ხანგრძლივი პროცესი“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.
როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რეფორმებმა საქართველო უფრო დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან და ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.
მისივე თქმით, როდესაც პირველად ესტუმრა საქართველოს, შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც ქვეყანაში  ევროკავშირის უამრავი დროშა იხილა.
ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხის კენჭისყრამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები