„მთის შვილების“ წარმატება ბაქოში

2 წლის წინ, ყაზბეგში, პატრიარქის ინიციატივით, ბავშვებისთვის ცეკვის ანსამბლი „მთის შვილები“ შეიქმნა. მასწავლებლები თიკო კორძაია და ზვიად ჯინჭარაძე გაკვეთილების ჩასატარებლად თბილისიდან დადიან.
თავიდან ყველა სკეპტიკურად შეხვდა ამ ამბავს. უგზოობის გამო, ზოგჯერ მასწავლებლები ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ და გაკვეთილები ცდებოდა. ცოტა ხანში დარბაზის პრობლემაც დადგა. რამდენიმე სკოლამ უარი თქვა ახალგაზრდა მოცეკვავეებისთვის დარბაზის დათმობაზე.
სტეფანწმინდაში მდებარე გიმნაზია-პანსიონმა და მეუფე იაგუდიელმა „მთის შვილებს“ დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმეს. ბავშვებიც და მასწავლებლებიც  ვარჯიშს შეუდგნენ და შედეგიც მალე დადგა.
ამ დღეებში ბავშვები აზერბაიჯანში, ბაქოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც წარმატებით გამოვიდნენ.
„ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. „მთის შვილებმა“ ისედაც გამოაცოცხლა რაიონი, ამ ფესტივალის შემდეგ ყველა „მთის შვილებზე“ საუბრობს. ჩვენც ძალიან გახარებულები ვართ. სულ სხვა გრძნობა ყოფილა, როცა შენს ქვეყანას და კუთხეს საზღვარგარეთ წარადგენ,“- ამბობს ანსამბლის წევრი ანი ხეთაგური.
მოზარდი იმედოვნებს რომ „მთის შვილები“ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. უხარია რომ ცეკვაზე სიარულის სურვილი ბევრმა მისმა თანატოლმა გამოთქვა.
„მთავარი ისაა რომ ცეკვაზე სიარულისთვის არანაირი გადასახადი არაა საჭირო. ყველა ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება ფარავს. ბაქოში ჩვენი გამგზავრებაც გამგეობამ და საკრებულომ დააფინანსეს. ფორმებიც მათ შეგვიკერეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ფიქრია გრიგოლაძე თან გამოგვყვა და გვერდიდან არ მოგვშორებია,“ -აღნიშნავს ხეთაგური.
აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ ბავშვებს იმედი აქვთ, რომ სხვა დროსაც ექნებათ გასტროლებზე წასვლის შესაძლებლობა.
„ბაქოდან ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ჩამოვედით. კარგად წარმოვაჩინეთ ჩვენი კუთხე და ქვეყ ანა. ძალიან კარგი მასპინძლები გვყავდა, თბილად მიგვიღეს. ბედნიერები დავბრუნდით და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით ვარჯიშს. მართალია ეს პატარაა წარმატებაა, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება. მონდომება არც ჩვენ გვაკლია და არც მასწავლებლებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მეუფე იაგუდიელს, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო გიმნაზია პანსიონის დარბაზი, სადაც ჩვენი მეცადინეობები ტარდება,“- ამბობს ჩვენთან საუბარში „მთის შვილების“ წევრი თამო ეფხოშვილი.
„მთის შვილების“ კიდევ ერთი წევრი თამარ ალიბეგაშვილის თქმით კი, მის თანატოლებში ძალიან ბევრი პოტენციალია და მას გამოყენება სჭირდება.
„ბაქოს ფესტივალმაც დაამტკიცა, რომ ჩვენ რაღაც შეგვიძლია. მინდა იცოდეთ რომ ჯერ 2 წელიც არაა. რაც ვვარჯიშობთ. ჩვენთან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა და თუ სხვა წრეებიც გაიხსნება, დარწმუნებული ვარ იქაც იქნება წარმატება. მონდომება და ნიჭი არავის აკლია,“- ამბობს მოზარდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები