ნოდარ ხადური: კონკურენციის სააგენტო რამდენიმე ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქმიანობას სწავლობს

„ჩვენთან შემოვიდა საჩივარი Booking.com-თან მიმართებაში, ვსწავლობთ ამ საკითხს , რათა ტურისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ხარისხის მომსახურების მიღება შეუძლიათ საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო რამდენიმე ბაზარს, მათ შორის, „აიფონის“ დილერის, ასევე სასტუმროების დაჯავშნის სფეროში მოქმედი კომპანიების საქმიანობას სწავლობს.
როგორც ხადურმა განმარტა, კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას, მათ შორის, სააგენტო განიხილავს იმ განცხადებებს, რომლითაც მას ნებისმიერი მოქალაქე მიმართავს, იმ საჩივრებს, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული მხარე წარადგენს. ასევე, კონკურენციის სააგენტო საკუთარი ინიციატივითაც შეისწავლის ამა თუ იმ ბაზარს.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვსწავლობთ რამდენიმე ძალიან სერიოზულ ბაზარს, ეს არის მობილური ტელეფონების აპარატები, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიისა. ეს არის სასოფლო-სამეურნეო სფეროში მიმდინარე გარკვეული პროცესები და იქ მონიტორინგს ვახორციელებთ. თქვენ იცით, რომ ჩვენთან შემოვიდა საჩივარი Booking.com-თან მიმართებაში, ჩვენ ის არ დავაკმაყოფილეთ, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ ამ მიმართულებით, რათა ტურისტებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია იმაზე, თუ საქართველოში ჩამოსულებს, რა ფასად რა ხარისხის მომსახურების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ფოთის პორტის წინააღმდეგ გადამზიდავების საჩივარზე, ასე რომ, საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ ფართო სპექტრის საქმეებს იხილავს დღეს კონკურენციის სააგენტო“, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ მობილურ ტელეფონებში ის „აიფონს“ გულისხმობდა.
მისივე თქმით, საქართველოში „აიფონის“ რამდენიმე დილერია , რომელთა შორისაც არის გარკვეული უთანხმოება და მათ კონკურენციის სააგენტოში ერთმანეთის მიმართ საჩივრები აქვთ წარმოდგენილი.
რაც შეეხება სასტუმროების დაჯავშნის სფეროში მოქმედ კომპანიებს, როგორც ხადურმა აღნიშნა, კონკურენციის სააგენტოში თავიდან შევიდა ინფორმაცია, რომ Booking.com არღვევდა კანონმდებლობას, სააგენტომ შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ ამას საფუძველი არ ჰქონდა.
„ამავე დროს, ჩვენ დავინტერესდით Booking.com-ის მსგავსი რამდენიმე კომპანიით, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში მუშაობენ, დავინტერესდით, რა პირობებით ახორციელებენ ისინი ჩვენს სასტუმროებთან კომუნიკაციას. ჩვენ ყველა სასტუმროსთან, ტურისტულ ასოციაციასთან, ორგანიზაციასთან გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია, გამოვითხოვეთ მათგან ინფორმაცია და ახლა ვსწავლობთ. მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროში მართლაც კარგი კონკურენცია გვაქვს“, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები