გიორგი ჩოგოვაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა

“2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ სასტუმრო „რედისონში“ 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. გიორგი ჩოგოვაძემ 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, რაც 449,731-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +7.6%).
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა +19%).
მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა, რომელიც სწორედ ტურისტების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის იყო ზაფხულისა და ზამთრის აქტიური მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
“წარმატებულად ვაფასებთ განვლილ 2016 წელს და ამას პირველ რიგში, რეკორდული ოფიციალური სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს. წელს პირველად, საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და ასევე პირველად, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში, ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველომ საერთაშორისო მედიის 600-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლებმაც მოამზადეს სიუჟეტები, გადაცემები, დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ბლოგები ქვეყნის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება სხვა პროექტებსა და ღონისძიებებს, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, 2016 წელს საქართველომ უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ჩაატარა.
„ხაზგასასმელია, რომ ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა და ისიც საქართველოში. კონფერენციას 250 ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი“, – განაცხადა ჩოგოვაძემ. როგორც ჩოგოვაძემ განმარტა, 2016 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია ის, რომ სრულად ადაპტირდა მცხეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ისტორიულ ძეგლებთან დამონტაჟდა პანდუსები, მოეწყო ინფრასტრუქტურა უსინათლოებისთვის.
ასევე, გაგრძელდა პროექტები, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, მათ შორის კამპანია „გაიცანი საქართველო“. „2016 წელს, ტურიზმის ადმინისტრაციის ფარგლებში, ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, რომლის მიზანიც საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები