კახა კახიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიკე რენატე პაიჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ელჩს ბოლო წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, რომლის მიზანიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა, ცვლილება შევიდა 40-მდე კანონში და ერთი თვისობრივად ახალი კანონი იქნა მიღებული.
„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვა. პარალელურად, განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით შეფასება და კლასიფიკაცია. მნიშვნელოვანი პროგრესია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება“, – აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.
ჰაიკე პაიჩმა საქართველოსადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერა დაადასტურა და მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების კუთხით.
„სასჯელაღსრულების მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. ვფიქრობ, საინტერესო და თანამედროვე რეფორმები გაქვთ დანერგილი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების მიღების საშუალება აქვთ. ასევე, ისინი შეძლებენ დისტანციურად დაეუფლონ უმაღლეს განათლებასაც. შთამბეჭდავია ონლაინ მაღაზიის პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საკუთარი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ჰაიკე პაიჩმა.
კახა კახიშვილმა შეხვედრისას, ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვანი როლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები