გარემოს დაცვის მინისტრი მონადირეებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან ერთად, მონადირეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე და მის მიმდებარედ 500მ.-იან მონაკვეთში ნადირობის უფლებას ითხოვენ. მონადირეების პროტესტი იანვრის თვეში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა გამოიწვია, რომლებმაც პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის, უკანონო ნადირობის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების.
მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული.
“კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, სადაც 194 სახეობის ფრინველი გვხვდება. საქართველო უნიკალური მდებარეობის გამო, რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა. კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა მიზნად გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვას ისახავს. სწორედ ამიტომაა ტერიტორიზე ნადირობა აკრძალული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონის მიღმა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში, ნადირობა დაშვებულია”, – აღნიშნა აგულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამინისტრომ ადგილობრივ მონადირეებს შესაბამისი ტერიტორიის მოძიების შემთხვევაში, კოლხეთის განვითარების ფონდის საშუალებით, ხოხბის საშენის მოწყობასა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებაში ფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა მონადირეების მხრიდან შეთავაზებას განვითარება არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები