ფარული ღონისძიების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ფარული ღონისძიების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენის შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას გააკეთა.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეობის უსაფრთხოებას.
“ამისთვის მოხდება ახალი კანონპროექტების ინიცირება, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სასამართლოს იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძლიერდება კონტროლისა და ანგარიშვალდებულებების მექანიზმები, რაც ჩვენ, როგორც პარლამენტის
და ხელისუფლების სხვა შტოებს, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ზედამხედველობა
და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. რჩება ასეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები,
როგორიცაა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები.  მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო
მოქმედებებზე” , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის შეიქმნა, დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ექნება.
“პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, რადგან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას ექნება საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია. როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამასაც შექმნის სახელმწიფო და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ნდობა. ეს იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მოემსახურება ყველა იმ საგამოძიებო ფუნქციის სამსახურს, რომელიც იყენებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ის არ იქნება არც ერთი უწყების იურიდიული პირი, თუმცა, მოემსახურება ყველა იმ უწყებას, ვინც იყენებს ამ ფუნქციას”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები