ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება.
მისი თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია.
“პირველი, რაც უმთავრესია, ჩვენ გვექნება სისტემა, რაც, მაქსიმალურად, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ამისათვის მოხდება ახალი კანონპროექტების პაკეტის ინიცირება, რომელიც, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად იქნება შესაბამისი საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებასთან.
რაც შეეხება, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათი ფუნქცია გამოიყოფა ცალკე, გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი საკითხი, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძლიერდება კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები ამ პროცესზე, რაც ჩვენ, როგორც პარლამენტს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებს მისცემს მეტ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. მათ შორის, რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები, რაც ამ პროექტში არის ასახული და მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და მას ექნება უფრო ეფექტური შესაძლებლობები, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ახალ პაკეტში არის ჩადებული. მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე ჩემს კოლეგებს იმ ხანგრძლივი, შრომატევადი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პაკეტის შემუშავებისთვის იქნა გაწეული”, – განაცხადა თალაკვაძემ.