საქართველოში სამუშაო ვიზიტით პროექტის „კინო სკოლაში“ ბრიტანელი პარტნიორი – მარკ ჰაიემი იმყოფება

 საქართველოში პროექტის „კინო სკოლაში” პარტნიორი, ბრიტანული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარკ ჰაიემი ჩამოვიდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ჰაიემი განათლების ექსპერტია, რომელიც წლების განმავლობაში უძღვება საერთაშორისო პროექტებს კულტურული განათლების მხარდასაჭერად.
მარკ ჰაიემი უკვე შეხვდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს, ასევე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, პროექტზე მომუშავე ჯგუფს და კინოსპეციალისტებს.
„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„კინო სკოლაში” 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა. ამჟამად კი პროექტში 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები. 2016 წელს პროექტმა “კინო სკოლაში” ევროკავშირის პროგრამის Creative Europe დაფინანსება მიიღო და მისი პარტნიორები ბრიტანული ორგანიზაცია FILM LITERACY EUROPE LIMITED და ლიტვისა და ლატვიის კინოცენტრები გახდნენ.
პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მოხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ქართული და უცხოური ფილმების ვებპორტალის შექმნა, სასწავლო მასალების მოწოდება, მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და პროექტის განვითარებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები