საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მინდია გოგოჭურს წუხელ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და იგი პალატაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ცნობით, სტაბილურია პრეზიდენტის სიძის მეგობრის მდგომარეობაც, რომელსაც წუხელვე შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე – მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. თუმცა, იგი თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადას არ გადაუყვანია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.
როგორც შს სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები