კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა

„აზერბაიჯანი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად რჩება და ბუნებრივი აირის 90 პროცენტი, ძირითადი მოცულობის მოწოდება აზერბაიჯანის ძირითადი მილსადენისა და შაჰდენიზის კონსტრუქციუმიდან ხდება“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძემ „ქრონიკის“ წამყვანის კითხვებს „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებითაც უპასუხა.
კალაძის ინფორმაციით, საქართველო რუსეთიდან ბუნებრივი აირის მხოლოდ 10 პროცენტს მიიღებს. მისივე თქმით, ეს ის რაოდენობაა, რასაც საქართველო რუსეთიდან წლების განმავლობაში ღებულობდა.
„აზერბაიჯანი რჩება როგორც იყო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ბუნებრივი აირის ძირითადი მოცულობის 90 პროცენტის მოწოდება ხდება აზერბაიჯანის ძირითადი მილსადენისა და შაჰდენიზის კონსტრუქციუმიდან. დანარჩენ 10 პროცენტს ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარებისას მივიღებთ რუსეთიდან. ეს არის ის მოცულობები, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით. თუ იქნება იმის საჭიროება, რომ ჩვენ დამატებითი მოცულობები დაგვჭირდეს და აუცილებელი იყოს, ამ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული ფასი 185 დოლარი, რაც ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი ფასი და გვექნება შესაძლებლობა, რომ წამოვიღოთ ის მოცულობები, რაც საჭირო იქნება ჩვენი მოხმარებისთვის. რაც შეეხება თანხის გადახედვას, ეს ხელშეკრულება ორ წელს მოიცავს. ჩვენ 2 წლის შემდეგ თავიდან მოგვიწევს კონკრეტულ ტრანზიტზე მოლაპარაკებების დაწყება. 2019 წელს, როდესაც ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვიწევს დასხდომა, ჩვენ საკმაოდ წინწასულები ვიქნებით გაზსაცავ პროექტთან მიმართებაში. 2017 წლის ბოლოს ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ პროექტის მშენებლობას. ასევე საინტერესოა, რომ 2018-19 წლებში ასევე იგეგმება „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის დასრულება და დამატებითი მოცულობები გვექნება ჩვენი ბუნებრივი აირი, ასე რომ კიდევ უფრო წელგამართულები ვიქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან. თანხის გადახედვა რა თქმა უნდა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, გარკვეულ ინვესტიციებს განვახორციელებთ. მინდა ავღნიშნო, რომ აუცილებლად დაგვჭირდება ინვესტიციების განხორციელება, რადგან მილსადენი მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. ეს რა თქმა უნდა. გათვალისწინებული იქნება ტარიფში, რომელსაც ჩვენ მივიღებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები