ევროკავშირის ბაზარზე ქართული მატყლი გავიდა

ევროკავშირის ბაზარზე ქართული მატყლი გავიდა. ევროკავშირში ქართული მატყლის გატანას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. შედეგად, ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა დადებითად შეაფასა და მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც მატყლის ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებადართულია.
„მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 22 ტონა დაუმუშავებელი მატყლის ექსპორტი უკვე განხორციელდა. მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა კომპანიებმა შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რაზედაც სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს და შესაბამის რეკომენდაციებსაც უწევს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოს დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც მეცხვარეობის დარგის სტიმულირებას და ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას განაპირობებს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.
ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის შეტანას ევროკავშირის N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს. ასევე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა ფორმალური პროცედურები დაასრულა და ევროკავშირის ბაზარზე უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები