ზვიად ქორიძე ვასილ მაღლაფერიძეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას უწოდებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, – ამის შესახებ მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ქორიძე თვლის, რომ საბჭომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, გადაწყვეტილება იმ პროგრამების განხილვის საფუძველზე რომ მიეღო, რაც კანდიდატებმა წამოადგინეს და იმ დისკუსიების შედეგად, რომელიც თავად სამეურვეო საბჭოს მათთან ჰქონდა, მაშინ შედეგი აბსოლუტურად სხვა იქნებოდა.
”სამწუხარო რეალობაა. საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედაც პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით. საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია, რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს თავისი სამეურვეო საბჭოს პირით აცხადებს, რომ ჩვენ პოლიტიკური მიკერძოებულობა არ გვაინტერესებს, ჩვენ არ გვაინტერესებს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დღეს საბჭომ ღიად თქვა – ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ, დიახაც, გვაინტერესებს ადამიანი, რომელმაც გუშინ დაადასტურა გასაუბრების დროს, რომ მას აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს მას ხელს არ უშლის თავის მედიასაქმიანობაში. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები