შს მინისტრი ჟურნალისტის ცემაზე: ეს უპატიებელია

“ჩემთვის მტკივნეულია ყოველი პოლიციელის მხრიდან ისეთი საქციელის ჩადენა, რასაც მე უღირს საქციელს ვეძახი“, – აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში, ჟურნალისტის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა მსგავსი ტიპის დანაშაულს ჟურნალისტის თუ რიგითი მოქალაქის მიმართ ჩაიდენენ, მინისტრის შეფასებით, აღნიშნული უპატიებელი საქციელია.
„ჩემთვის მტკივნეულია ყოველი პოლიციელის მხრიდან ისეთი საქციელის ჩადენა, რასაც მე უღირს საქციელს ვეძახი. კიდევ უფრო მტკივნეულია, თუკი ეს ქმედება დანაშაულია. ჩემი დიდი პატივისცემა ჟურნალისტებს, მაგრამ ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტის, ექიმის თუ რიგითი მოქალაქის მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უპატიებელი საქციელია.
იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს მცირეოდენი ეჭვი, რომ ვინმემ სუბიექტურობა ან მიკერძოებულობა არ გამოიჩინოს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიებას არა შსს, არამედ პროკურატურა იძიებს. მე არ მაქვს უფლება გავაკეთო საკუთარი შეფასებები,სანამ გამოძიება არ დასრულდება. ვერც უდანაშაულობის პრეზუმფციას დავარღვევ. ერთადერთი, გიდასტურებთ, რომ ეს პოლიციელი აღარ მუშაობს უწყებაში“, -განაცხადა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები