შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა გაიხსნება

26 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული არქივისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი. გამოფენაზე, ასევე, პირველად იქნება წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები დამზადებული სარგის კაკაბაძის მიერ 1911 წელს.
დამთვალიერებლის იხილავს მდიდრულად შემკულ ვარძიის ოთხთავს (XII-XIII სს.) „საზეიმოს”, რომელიც, სავარაუდოდ, თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უადრეს ძეგლს, ენციკლოპედიურ ნაშრომს „უსწორო კარაბადინი” (XIII-XIV სს.); სამცხის ათაბაგთაკარის სკრიპტორიუმში გადაწერილ, კოდექსის ტიპის ნუსხას – ვალეს ოთხთავს (1514 წ.); ქართლის მეფე როსტომის მეუღლის, მარიამ დადიანის დაკვეთით გადაწერილ ქართლის ცხოვრებას (მარიამისეული ნუსხა, 1633-1646 წწ.) და სხვა.
აღნიშნული ექსპონატები ჩაერთვება გამოფენაში – „შუა საუკუნეების საგანძური”, სადაც წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.
ქართული ქრისტიანული ხელოვნება ეფუძნება წინარექრისტიანულ ტრადიციებს, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართველი ერის სახე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მომავალ კულტურულ მიმდინარეობათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მზად იყო მაშინდელი მოწინავე მიმდინარეობების მისაღებად. საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა და აღიარეს ის სახელმწიფო რელიგიად, რითაც ქვეყანამ საბოლოოდ განამტკიცა კავშირი ევროპასა და ევროპულ კულტურასთან.
შუა საუკუნეების საგანძურის ახალი საგამოფენო სივრცე, აღჭურვილი საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად,  ამა წლის ივნისში გაიხსნა. კოლექციის სპეციფიკიდან გამდინარე, გამოფენაზე მუდმივად მოხდება ხელოვნების ნიმუშთა ცვლა.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები