პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოში წარდგენილ ნინია კაკაბაძეს და გენადი გელაძეს მხარი არ დაუჭირა

  “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში წარდგენილი ნინია კაკაბაძის და გენადი გელაძის კანდიდატურები ისევ ჩავარდა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდში საპარლამენტო უმცირესობის მიერ შეთავაზებული ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, კენჭისტრის შედეგით – 44 მომხრე, 45 წინააღმდეგი, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძე შედეგით – 44 მომხრე, 34 წინააღმდეგი – “ჩავარდა”.
პარლამენტმა მხარი მხოლოდ სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებულ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას დაუჭირა და ის 117 ხმით ერთხმად დაამტკიცა. გარდა ამისა, კენჭისყრის დაწყების წინ, უმცირესობისა და ე.წ. უპარტიო დეპუტატების სახელით, პარლამენტს დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარა. როგორც აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განმარტა, დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა კანონის მთელი რიგი პუნქტებისა და ვადების უხეში დარღვევით იყო წარდგენილი. პარლამენტმა გასული წლის 27 დეკემბრის სესიაზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდში მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა და ბორდში ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დატოვა. მაშინ პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მარინე მუსხელიშვილს, ოპოზიციის მიერ შერჩეულ ქეთევან მსხილაძეს და უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ნათელა სახოკიას დაუჭირა მხარი. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და “ჩააგდო” ლელა გაფრინდაშვილის, ნინია კაკაბაძისა და გენადი გელაძის კანდიდატურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები