LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს 12 იანვარს უყრის
“ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს 12 იანვარს უყრის”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) „ტვიტერის“ გვერდზე.
ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დღეს დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.
„მას შემდეგ, რაც შეთანხმება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად“, – განმარტებულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.