„მიხეილ სააკაშვილი გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე“
“მიხეილ სააკაშვილი მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, საქმე გვაქვს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვებთან.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ერთიანად, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც ამ მომენტში აქ არ იმყოფება. საჭიროა, ქმედით თავმჯდომარესთან ერთად, ძველი და ახალი გუნდის ერთიანობით მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების ბაზის ზრდა და ასე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ამ საკითხზე საუბარმაც კი, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილში, როგორც მაშინ პარლამენტში შესვლის საკითხმა, გამოიწვია ძალიან გაუგებარი რეაქცია. ის მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ”ნაციონალური მოძრაობის” კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას განცხადება გააკეთა.
„ამ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გვებრძვის, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან და მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. დაფიქსირება იმის, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და ასევე ”ნაციონალურ მოძრაობაზე“. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.