თემურ ბასილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა ბანკებისთვის დიდი ოდენობით სესხის გაცემა შეწყვიტოს

ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა ბანკებისთვის დიდი ოდენობით სესხის გაცემა შეწყვიტოს.
როგორც თემურ ბასილია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სხვადასხვა ბანკებისთვის ეროვნული ბანკისგან მიღებული დიდი ოდენობით სესხებით, საქართველოს რიგით მოქალაქეებს არანაირი ხეირი არ აქვს და ამით მხოლოდ ბანკების მფლობელები „ხეირობენ“. თემურ ბასილია არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს წინაშე საბოტაჟი მზადდებოდეს.
„ეს საშიში ტენდენცია შეწყვიტოს. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა არამცთუ შეწყვიტა სესხების გაცემა არამედ შეიმუშავა ოთხწლიანი გეგმა, რის ფარგლებშიც გასაცემი სესხების რაოდენობა 4-ჯერ გაზარდა! ეს ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკის ვებგვერდზე და იმას მოასწავებს, რომ ლარის გაუფასურება ამ ოთხ წელიწადში პერმანენტულად გაიზრდება! ამ პოლიტიკით საქართველოს მოქალაქეებს, უბრალო ადამიანებს არანაირი ხეირი არ აქვთ, მხოლოდ სესხის მიმღები ბანკები ხეირობენ, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური რესურსი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. ის რესურსი, რაც მათ მოიზიდეს, სხვადასხვა ბიზნესში ან პირადი საჭიროების ფარგლებში ჩადეს, პარალელურად გასცეს სესხები, მათ შორის „უიმედო“ სესხებიც, რომლის ამოღების პერსპექტივა ერთობ საეჭვოა. მათ აღარ აქვთ ნაღდი ფული, რომ ვალდებულებები შეასრულონ, ამიტომ იპოვეს იოლი გზა – ეროვნული ბანკისგან აიღონ სესხი, სხვა შემთხვევაში გაკოტრდებიან. ამიტომ ეროვნული ბანკი მათ ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის დოტაციაზე ამყოფებს! ეროვნულ ბანკს უკვე აქვს გაცემული ბანკებისთვის მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი სესხი. 2018 წელს, ეს ვალი გაიზრდება მილიარდ 800 მილიონამდე, 2019 წელს – 2 მილიარდ 300 მილიონამდე, ხოლო 2020 წელს 3 მილიარდ 300 მილიონს მიაღწევს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს ხდება მიმოქცევაში ზედმეტი რაოდენობით ფულის ერთეულის გასვლა, რაც ლარის დევალვაციას იწვევს. გამოდის, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ყოფილა კომერციული ბანკების გადარჩება საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე! ჩვენი ეს ტრაგიკული მდგომარეობა კი, იმით გვირგვინდება, რომ ამ კომერციული ბანკების მიღმა უცხოელი მესაკუთრეები დგანან. საქართველოში ხომ ერთადერთი ქართული ბანკი „ქართუ ბანკია“. ყველა ე.წ. ქართული ბანკის კაპიტალი რომ შევაჯამოთ, ამ ჯამის 95 პროცენტის მფლობელები უცხოელები არიან! ეს ყველაფერი, სწორედ ის პოლიტიკაა, რომელსაც დღეს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ვერ გეტყვით, რომ ეს ნაცების დაკვეთაა, თუ უბრალოდ ბანკირების სიხარბის გამოვლინება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს წინასწარ გამიზნული საბოტაჟიც, მაგრამ სახელმწიფო ხომ იმისთვის არსებობს, საბოტაჟი ჩანასახშივე აღკვეთოს!“ – აცხადებს თემურ ბასილია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები