რატომ გახდა დედა იძულებული შვილი მოეკლა – ციხისძირში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

დედას, რომელმაც შვილი ნაჯახით მოკლა, ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე, შვილი მოკვლით ემუქრებოდა. 80 წლის ეთერ ბეჟანიძე, რომელიც სამართალდამცავებმა შვილის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს, ფსიქიურად დაავადებულ შვილს ბავშვობიდანვე განსაკუთრებით უვლიდა.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში, მკითხველს, რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ამცნობს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, 80 წლის ეთერ ბეჟანიძემ შვილის მოკვლის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მისსავე ნათესავს, მაზლის ცოლს გაუმხილა. დანაშაულის ჩადენის დროს, ეთერ ბეჟანიძის მეორე შვილი სახლში არ იმყოფებოდა. დედამ შვილი ნაჯახით ლოგინში მძინარე მოკლა. როგორც გამოცემასთან ბრალდებულის მაზლის ცოლი ნარგიზა ბეჟანიძე ამბობს, ეთერ ბეჟანიძის შვილი ბავშვობიდანვე პათოლოგიით დაიბადა. მისი თქმით, როლანდ ბეჟანიძის ფსიქიური პრობლემები ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე აწუხებდა, მოგვიანებით კი მას შაქრიანი დიაბეტი დაემართა და ჭამის განსაკუთრებული მოთხოვნა ჰქონდა. ნარგიზა ბეჟანიძის ინფორმაციით, 48 წლის როლანდ ბეჟანიძე რთული მოსავლელი იყო. მისივე თქმით, ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე, როლანდ ბეჟანიძე ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 3 თვის განმავლობაში მკურნალობდა.
„ძალიან რთული მოსავლელი იყო. სულ ჭამას ითხოვდა, ოჯახი კი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და საკვები არ ჰქონდათ. ვეხმარებოდი, ავდიოდი, საკვებს ვაწვდიდი. ეთერს მეუღლე ორი წლის წინ გარდაეცვალა, თავად ძალიან მზრუნველი ქალი იყო, შვილსა და შვილიშვილებს წვალებით უვლიდა. ორი კვირის წინ, შევესწარი ავადმყოფი შვილი დედას საჭმელს თხოვდა – მაჭამეთ, მაჭამეთო… გაავებული შვილი დედას ახრჩობდა, რატომ არ მაჭმევო? იმ დღეს ადრე ავედი, თბილი საჭმელი ავუტანე და ეთერი ჭიშკართან გამოვიდა. გამიკვირდა, რადგან სულ სახლში მელოდებოდა, მითხრა როლანდს სძინავს და არ შიაო, ესეც გამიკვირდა. ერთი საათის შემდეგ თვითონ მომაკითხა და გაავებულმა მითხრა, წამომყევიო, გზაში მეუბნება – ისე გამიმწარდა სული, მომკალი და დამასვენეო. მომიბრუნდა და მითხრა, იძულებული გავხდი, ჩემი შვილი მომეკლაო, არ დავიჯერე, ან როგორ უნდა დამეჯერებინა, დედას შვილი როგორ უნდა მოეკლა? სანამ რამეს ვეტყოდი, მითხრა, მოდი, გაჩვენებო. სახლის კარი გამიღო და რას ვხედავ? როლანდი თავის საწოლში სისხლის გუბეში ცურავდა,“ – ამბობს შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მაზლის ცოლი ნარგიზა ბეჟანიძე.
ამავე სტატიაში გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს ბრალდებულის მეორე შვილთან თემურ ბეჟანიძესთან ინტერვიუს სთავაზობს. როგორც თემურ ბეჟანიძე ამბობს, დედა მას საპატიმროში ამ დრომდე არ უნახავს. მისი თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, როგორ აპატიოს დედას, ძმის მკვლელობა.
„გონზე ვერ მოვსულვარ. ამბობენ, როდესაც ადამიანი ჭკუიდან გადადის, ყველაზე საყვარელს კლავსო, დედაჩემსაც ასე მოუვიდა- წვალებით გაზრდილი შვილი გაიმეტა. თავად შოკში ვარ. ძმა ვიტირო თუ დედა, არ ვიცი! დედაჩემს მასზე დიდი ამაგი ჰქონდა. თუ ღმერთი აპატიებს, მეც ვაპატიებ. ვიცი ასეთ რამეს, დედაჩემი საღ გონებაზე არ გააკეთებდა. დედა არ მომიკითხავს, ვიცი, ცოდვაა, მაგრამ ჯერ ვერ ვპატიობ, ძმა როგორ მომიკლა?! ღმერთს ვეხვეწები, 78 წლის ქალი ფსიქიატრიულში მაინც გადაიყვანონ, რადგან ჩაკეტილ სისტემაში, კამერაში ვერ გაძლებს,“ – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილი, თემურ ბეჟანიძე.
15644912_1334453559910467_1475185131_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები