კახეთში მოკლული ტურისტის ქვრივი ქმრის მკვლელის ციხიდან გამოშვებას ითხოვს

საქართველოში მოკლული უცხოელი ტურისტის ფრიც მასერის ქვრივი რებეკა ფრაისენი მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ჭინჭარაშვილის შეწყალებას ითხოვს.
მისი თქმით, ჭინჭარაშვილის ციხეში ყოფნას მისი მეუღლეც არ ისურვებდა.
ჭინჭარაშვილმა მასერი 12 აგვისტოს კახეთში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლა, რისთვისაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა.
როგორც რებეკა ფრაისენი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მან ციხეში მისი ქმრის მკვლელობისთვის პატიმრობამისჯილი მიხეილ ჭინჭარაშვილიც მოინახულა.
„საქართველოში საგანგებოდ, სასამართლოზე დასასწრებად ჩამოვედი. მიხეილ ჭინჭარაშვილის დასჯით ვერ აგვინაზღურდება ის ტკივილი, რომელიც დამნაშავემ მოგვაყენა. არც იმის გარანტია არსებობს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ სხვა დანაშაულს არ ჩაიდენს.
ციხე გამოსასწორებელ დაწესებულებად არ მიმაჩნია. დამნაშავე საზოგადოების, სახელმწიფოს ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს. ჩვენთან, კანადაში, უმძიმესი დანაშაულისთვის მუდმივ პატიმრობას უსჯიან, ისეთსაც, გადახედვას რომ არ ითვალისწინებს, მაგრამ აღდგენითი მართლმსაჯულებაც მოქმედებს, თუ დაზარალებული მოითხოვს. სასამართლომ გამონაკლისი დაუშვა და როგორც გარეშე პირს, დამნაშავესთან შეხვედრის უფლება მომცეს. მიხეილს ვუთხარი, რომ ფრიცის სიკვდილი საშინელებაა ჩვენთვის, მაგრამ არც მისი ციხეში ყოფნა გვინდა, რადგან ფრიცს მიაჩნდა, რომ პატიმრობა და იზოლაცია ანგრევს ადამიანობას. შენ მიმართ სიბრაზეს არ ვგრძნობ და მე და ჩემი მეუღლის მშობლებმა მოგიტევეთ დანაშაული – მეთქი. ტიროდა, არ ვიცი, ნამდვილად რას განიცდიდა, მაგრამ მადლობა გადაგვიხადა, რომ ვაპატიეთ. მის ოჯახსაც შევხვდი და სოფელსაც. ოჯახი თავს იდანაშაულებს იმაში, რაც არ ჩაუდენია, სოფელი ოჯახს ადანაშაულებს, რომ შვილი სათანადოდ არ აღზარდეს. დამნაშავეს ვაპატიე, რათა გავთავისუფლებულიყავი სიძულვილისგან და მეცხოვრა მხოლოდ სიყვარულით, რომელიც მე და ფრიცს 9 წელი გვაკავშირებდა. ფრიცი მომთაბარე იყო.
turistiუზომოდ უყვარდა ადამიანები, ბუნება, ცხოველები. ჩემთან შეხვედრამდე 60 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი. 41 წლის ასაკში ყველაფერი მოასწრო: საჰარა აქლემით გადაკვეთა, ალასკაზე ძაღლებსა და ირმებთან ერთად ცხოვრობდა, ნიუ-ორლეანში ბავშვებს სკოლაში ასწავლიდა… ბრაზილიაში ბუნების დამცველ ორგანიზაციაში მუშაობდა. 11 წლის წინ საქართველო რომ ნახა, ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე კავკასიის გავლით ემოგზაურა. ფრიცი ცოცხალი რომ იყოს, არ დაუშვებდა მკვლელის დასჯას. ოცნებობდა ისეთი დაწესებულების შექმნაზე, სადაც დამნაშავეს ღირსების და პატივის დაცვით მოეპყრობოდნენ. მისი გეგმები მის გარდაცვალებსათან ერთად არ დასრულებულა. ფრიცის იდეები იმ ადამიანების საშუალებით განაგრძობს არსებობას, ვინც აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების პროექტში ჩაერთვება. მერწმუნეთ, ადამიანის გადარჩენა უფრო იოლია, თუ საზოგადოების წევრად შევინარჩუნებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ციხეში გამოვკეტავთ“, – აცხადებს რებეკა ფრაისენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები