პრემიერი ევროპარლამენტის მომხსენებელ მარია გაბრიელს: განსაკუთრებული მადლობა გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის

ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალური ქსელის ტვიტერის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
პრემიერი გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებულ მადლობას ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს უხდის.
„კარგი ამბავი ევროპარლამენტიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“კარგი ამბავი საქართველოს მოქალაქეებისთვის: საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა”,-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც 12 დეკემბერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 იანვარს განიხილავს. საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სავარაუდოდ, იანვარში უყრიან კენჭს. იანვარში პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად ევროპარლამენტის დღის წესრიგში 18 იანვარია მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები