გიორგი კვირიკაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში, ლინა მილნერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმდინარე პროექტები საქართველოში. ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოში.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში, ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტურობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების თვალსაზრისით. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები