“ფოტოგრაფების საქმეში” ბრალდებულთან საპროცესო გარიგება გაფორმდება?! – რას აცხადებს საქმის პროკურორი

“ფოტოგრაფების საქმეში” ბრალდებულ დავით დევნოზაშვილთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, – ამის შესახებ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
პროკურატურის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თუ ბრალდებული გამოძიებასთან ითანამშრომლებს, მის მიმართ ლიბერალური მიდგომა იქნება გამოყენებული.
„ამ დრომდე ის არ აღიარებდა დანაშაულს და მისი ხელშეწყობა ჯერ არ გვიხილავს. თუ მას ასეთი სურვილი ექნება, ეს შეამსუბუქებს ჩვენს მიდგომას, ასეთი პირების მიმართ, როგორც წესი, ლიბერალური მიდგომები გვაქვს. გამოძიება არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც ყოველდღე რაღაც ემატება. ამ პროცესში გამორიცხული არაფერია. ჩვენი მიდგომები იქნება თანამშრომლობის ადეკვატური“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, საქმეში თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის დადგენა, ნადარეიშვილმა ასე უპასუხა:
„ერთია, რას ამბობს მოქალაქე, მით უმეტეს დაზარალებული, რომელმაც თავის თავზე გადაიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეა, არსებული მტკიცებულებები. გამოძიება შესაძლოა, სხვა მაღალჩინოსნებზეც გავიდეს, თუმცა პერსონების იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებ“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები