საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა

   საფრანგეთში, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა, პროცესი კი 30 იანვარს განახლდება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხის გარდა კიდევ ერთი საკითხი იხილებოდა.
„სასამართლომ პროცესზე ორი საკითხი განიხილა. ერთ-ერთი იყო დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის პროცესის მიმდინარეობისას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი, ხოლო მეორე მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესზე  კეზერაშვილის დაცვის მხარემ  სხვა აღმკვეთი ღონისძიება მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა საკითხი დავით კეზერაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ, ანუ დავით კეზერაშვილი გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან,  რაც გულისხმობს იმას, რომ ექსტადიციის საკითხის განხილვისას დავით კეზერაშვილი არ იქნებოდა ციხეში და ნებისმიერ პროცესზე გამოცხადდებოდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ სათათბირო ოთახში განიხილა და დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში დარჩენილიყო“, – აღნიშნა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.
მისი თქმით, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლოში დავით კეზერაშვილის პროცესი 30 იანვარს განახლდება. შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ე.წ. „რიყისა“ და ტელეკომპანია „იმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები