მიხეილ ჯანელიძე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრას დაესწრო

ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს.
ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების საერთო ძალისხმევამ გააძლიერა ავღანელი ხალხი მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წარმოებაში და ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა შეიქმნა.
ქართული მხარე მიესალმა ავღანეთის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოს, მათ შორის ეროვნული შერიგების პროცესის მიმდინარეობას.
ასევე აღინიშნა საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში აქტიური წვლილის შემტანი ქვეყნის როლი. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ იგი მხარს დაუჭერს ალიანსს მისიის განხორციელებაში 2016 წლის შემდეგ და შეინარჩუნებს არსებულ კონტინგენტს 2017 წლის ბოლომდე. ამას გარდა, საქართველო გააგრძელებს ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები