სოფო კილაძე: ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მმართველ გუნდში შესაძლო დაპირისპირებას არ ადასტურებს.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. „ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა. უპრიანია, ამის შესახებ თავად პრემიერს ვკითხოთ. კრიტიკა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმის, არახალია – დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ასეც უნდა იყოს და ასეც არის. პრემიერ-მინისტრმა სწორად ბრძანა, რომ ჩვენ 4-პუნქტიან გეგმას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. იმ მიზნებს, რომელიც დავისახეთ და დავპირდით ხალხს, შევასრულებთ“, – აღნიშნა კილაძემ.
მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პრემიერი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები