გიორგი აბდალაძე: ე.წ. “ქილერამ”, ციხის უფროსმა მითხრა, რომ ჯოჯოხეთი გველოდა

ე.წ. “ქილერამ“, ციხის უფროსმა პირველივე დღეს მითხრა, რომ არაფრის შანსი არ გვქონდა, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ “2030”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გარეშე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს თავის თავზე ვერავინ აიღებდა.
“მიხეილ სააკაშვილის უშუალო ბრძანების გარეშე ამ სპეცოპერაციას, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს ვერავინ აიღებდა თავის თავზე. “ქილერამ“, ე.წ. ციხის უფროსმა პირველივე დღეს მითხრა, რომ არაფრის შანსი არ გვქონდა. ის ამბობდა, რომ ჩვენი ისტორია დამთავრდებოდა ისე, როგორც დამთავრდა სერგო თეთრაძის საქმე. ეს იყო მისი პირველი სიტყვა. მან მითხრა, რომ იმ დღიდან ჯოჯოხეთი გველოდა”, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ “2030”-ის ეთერში.
დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. “ფოტორეპორტიორების საქმეზე”, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები