ვინ არის ლიტვაში დაკავებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და რა კავშირი აქვს მას „ლაფანყურის საქმესთან“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსმა, ზურაბ მაისურაძემ, რომელიც დღეს ლიტვაში დააკავეს, საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში 2010-2012 წლებში მუშაობდა. უკანასკნელად მან ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის აპრილში შეავსო.
ზურაბ მაისურაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ზურაბ მაისურაძის სახელზე 90 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლია რეგისტრირებული. კიდევ ერთი ბინა თბილისში მისი მეუღლის, მაკა ბიბილეიშვილის სახელზე ფიქსირდება.
შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსმა,ზურაბ მაისურაძემ თანამდებობაზე ყოფნისას 95 043 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, მაკა ბიბილეიშვილმა, რომელიც თბილისის 42-ე საჯარო სკოლის პროგრამების კოორდინატორია, ხელფასის სახით 6 834 ლარი მიუთითა.
ზურაბ მაისურაძის სახელი “ლაფანყურის სპეცოპერაციის” საქმეში ფიგურირებს. სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად „კორიდორის“ მიცემას ჰპირდებოდნენ.
საქართველოს შს სამინისტრომ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.
29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი ალყაში ჰყავდათ მოქცეული.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი: საქართველოს მოქალაქეები – ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი და მუსა ადუევი.
დაიღუპა სპეცრაზმის 2 წევრი – სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.
ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს – ლაფანყურელი ახალგაზრდების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.
ზურაბ მაისურაძე ლიტვის დედაქალაქში შაბათს, 3 დეკემბერს, კიევიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობის სანქცია უკვე გასცა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთი მაისურაძეს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას ედავება და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
მაისურაძის ექსტრადირების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები